გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტი „ევრაზიულობის თეორია და საქართველო“

დასრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტი "€žევრაზიულობის თეორია და საქართველო"€œ (დ- 13/13), რომელიც მიმდინარეობდა 2012-2015 წლებში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების ფარგლებში.

პროექტს ხელმძღვანელობდა ინდიანის (ბლუმინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია, თანახელმძღვანელი იყო გრიგოლ ჯოხაძე, მონაწილეობდნენ თინათინ ბოლქვაძე და ნათია ფუტკარაძე. პროფ. დოდონა კიზირიამ მოამზადა სპეციალური სალექციო კურსი, რომელიც მიჰყავს ინდიანის უნივერსიტეტში. პროექტის მონაწილეებმა თარგმნეს ევრაზიულობის თეორიის მესაძირკვლეთა ყველა მნიშვნელოვანი შრომა, რომელთა სრულად ნახვა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ვებგვერდზე: www.gashol.ge პროექტის ფარგლებში მომზადდა მრავალი სამეცნიერო სტატია, საკონფერენციო მოხსენება და ორი მონოგრაფია. ორივე ნაშრომს ერთვის ქრესტომათია.

თინათინ ბოლქვაძის მონოგრაფიაში - „ენობრივი კავშირი: ევრაზიულობის თეორიის გეოლინგვისტური პრობლემები“ 


- გამოყენებულია ევრაზიული თეორიის ფუძემდებელთა და მიმდევართა საარქივო მასალები, რომლებიც მოძიებულია პრაღაში, პარიზის ტურგენევის სახელობის რუსულ ბიბლიოთეკაში (Bibliotheque Russe Tourguenev), ნანტერის უნივერსიტეტის თანამედროვე საერთაშორისო დოკუმენტების ბიბლიოთეკასა და თანამედროვე ისტორიის მუზეუმში (BDIC// Bibliotheque de Documentation Internationale Contemporaine; Musee D’Historie Contemporaine), აგრეთვე შესწავლილია რომან იაკობსონის არქივი, რომელიც ინახება მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის არქივებისა და სპეციალური კოლექციების ინსტიტუტში. ნაშრომში განხილულია პრაღის ლინგვისტური სკოლის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის - ნიკოლოზ ტრუბეცკოისა და რომან იაკობსონის ლინგვისტური და გეოლინგისტური ინტერესები, კერძოდ, ფონოლოგიისა და ენობრივი კავშირის თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება. სპეციალური კვლევის საგნად ქცეულია საკითხი - სად მთავრდება მეცნიერული კეთილსინდისიერება, როცა წამყვანი იმპერიული მიზნები ხდება, როგორ იქცევა ენათმეცნიერება პოლიტიკის მხევლად, როცა მიზანი რუსეთის დიად ევრაზიად - ევროპასა და აზიას შორის მდებარე გამორჩეულ ტერიტორიად - გარდაქმნაა. მას ყველაფერი განსაკუთრებული აქვს მცენარეების ფესვთა სისტემიდან დაწყებული გეოგრაფიული თვისებებით დამთავრებული. აქ ვითომდა ხდება ის, რაც არცერთ ენობრივ ერთობას თუ ენობრივ კონგლომერატს არ ახასიათებს - ერთმანეთს ერწყმიან ფიზიკური გეოგრაფიის მახასიათებლები და ენათა ცალკეული ფონოლოგიური დიფერენციალური ნიშნები. ასეთ ვითარებაში იკვეთება პრობლემა - როგორ უნდა გაირჩეს ცალკეული ლინგვისტების ევრაზიელობა და მკაცრი მეთოდით მომუშავე სამეცნიერო დისციპლინის ურყევი დასკვნა; სად გადის ზღვარი ემიგრანტ მეცნიერთა პანევრაზიულ ნაციონალიზმსა და საბჭოთა ხალხის სოციალისტურ გაგებას შორის. ნაშრომში დაწვრილებით არის მიმოხილული, როგორ განვითარდა ენობრივი კავშირის იდეა საბჭოთა ენათმეცნიერებაში, რა გზა გაიარა მან სტრუქტურალიზმის კრიტიკიდან თანამედროვე ნოსტრატულ თეორიამდე.

გია ჯოხაძის მონოგრაფიაში- ,,ევრაზიული საცდური: პოლიტიკური და ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები"€œ დაწვრილებით არის მიმოხილული თითქმის ყველა წყარო და მასშტაბური სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაც დაეფუძნა კლასიკურ ევრაზიულობაზე გამოთქმულ მეტ-ნაკლებად სარწმუნო დებულებათა კორპუსი; გამოყენებულია ქართული სამეცნიერო მიმოქცევისათვის უცნობი მასალა (წიგნები, პერიოდული გამოცემები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა...), რომელსაც ავტორმა უცხოურ წიგნსაცავებში მიაკვლია. მონოგრაფიაში გაანალიზებულია ევრაზიელთა იდეოლოგიურ წინამორბედთა - ,,სლავოფილთა“ ისტორიულ-ფილოსოფიური პლატფორმა; მოთხრობილია ევრაზიული მოძრაობის აღზევებისა და დეკადანსის ისტორია; დახატულია გამორჩეულ და, ამავე დროს, პიროვნული თვისებებით, წარმოშობით, სამეცნიერო-სააზროვნო ორიენტაციითა და პრაგმატიკით ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებულ ფიგურათა ისტორიული პორტრეტები; გამოვლენილია იდეოლოგიური თეორიის პოლიტიკურ პრაქტიკაში გადმოტანის უტოპიური მცდელობები; ნაკვლევია ევრაზიულობის, როგორც სსრკ-ს ალტერნატივის, პერსპექტივა; დადგენილია ზოგადად, კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს როლი და ფუნქცია ,,ევრაზიულ ოიკუმენაში“ მოგონილი საერთო ნიშნებით და ხელოვნურად წაკითხული, მოულოდნელ კონტექსტში ჩასმული ცნობილი ქართული სახელებითა და ტექსტებით.