გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

ნ. ტრუბეცკოი: ევროპა და კაცობრიობა (1920)

altშინაგანი ღელვის გარეშე როდი ვაქვეყნებ თქვენთვის შემოთავაზებულ ნაშრომს. მასში გამოთქმული აზრები ცნობიერებაში ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩამომიყალიბდა. მას შემდეგ სხვადასხვა ადამიანთან მილაპარაკია: საკუთარი თავის შემოწმება ან სხვათა გადარწმუნება მსურდა. ამ ბჭობათა და დავათაგან ზოგი ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მაიძულეს, უფრო დეტალურად გამეაზრებინა და გამეღრმავებინა საკუთარი აზრები და არგუმენტები. თუმცა ჩემი ძირითადი დებულებანი უცვლელი დარჩა. რასაკვირველია, შემთხვევითი საუბრებით შემოფარგვლა შეუძლებელი იყო, და იმისათვის, რათა შემეტყო ჩემ მიერ ნაქომაგევი აზრების სისწორე, საჭირო შეიქნა, უფრო ფართო განხილვისათვის დამექვემდებარებინა ისინი ანუ გამომექვეყნებინა. ეს ამ დრომდე არ ჩამიდენია, რადგან, განსაკუთრებით, პირველ ხანებში გამართული მრავალი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელთანაც შემხვედრა მომიხდა, უბრალოდ ვერ იგებდა ჩემს ნააზრევს. და ვერ იგებდა არა იმიტომ, რომ მათ არასათანადოდ გამოვთქვამდი, არამედ იმიტომ, რომ ევროპულგანათლებამიღებულთა უმრავლესობისათვის ეს აზრები თითქმის ორგანულად მიუღებელია: ისინი თითქოს ეწინააღმდეგებიან რომელიღაც უცნობ ფსიქოლოგიურ მიდგომებს, რომლებსაც ევროპული აზროვნება ეფუძნება. მე  პარადოქსების მოყვარულად მიმიჩნევდნენ, ჩემს მსჯელობას კი - ორიგინალობად აღიქვამდნენ.


იხ.: სრულად